ოთარ კახიძე

უფროსი პარტნიორი

ოთარ კახიძე არის A+ Consulting-ის დამფუძნებელი და უფროსი პარტნიორი.

ოთარ კახიძე 2016-2020 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი, იურიდიული კომიტეტის წევრი და საპარლამენტო ფრაქცია – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე. იგი წარმატებით იყო ჩართული “სარალიძის საქმის” საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, აღნიშნული კომისიის მდივნის სტატუსით. მან ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.​

პარლამენტში არჩევამდე ოთარ კახიძე იყო წამყვანი იურიდიული ფირმის – BGI Advisory Services–ის დირექტორი და პარტნიორი. იგი წარმოადგენდა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც დაადასტურა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა საეტაპო საქმეში – Merabishvili v. Georgia. ოთარი ასევე წარმოადგენდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ინტერპოლის წინაშე, რომელმაც უარი თქვა წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე საქმის შესაძლო პოლიტიკური სარჩულის გამო.

ოთარ კახიძეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. იგი იყო სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს ოთხი წლის მუშაობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, იურიდიული დახმარების გამწევ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც იგი მუშაობდა საპარლამენტო მდივნად, ასევე კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და ანტიტრეფიკინგულ პროექტებში.

კახიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი. მან ასევე გაიარა აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამა – ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. 2013 წელს ოთარმა დაამთავრა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის აღმასრულებელი კურსი – PLD (Executive MBA-ს ჰარვარდის ალტერნატივა).

ასევე გაიარა “იურიდიული უნარების განვითარების პროგრამა” ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში.

ოთარმა ასევე გაიარა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა – “ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მენეჯმენტი აშშ-ში”, რომელიც ითვალისწინებდა ვიზიტებს აშშ-ს ხუთ სხვადასხვა შტატში და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებული მოდელების შესწავლასა და შედარებას.

ოთარ კახიძე მუშაობდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაზე. იგი არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი თანაავტორი და წარმატებით უძღვებოდა იუსტიციის სამინისტროს სამუშაო ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ახალი კოდექსის იმპლემენტაციაზე.

იუსტიციის სამინისტროში ყოფნის დროს, ოთარ კახიძე ეხმარებოდა იუსტიციის მინისტრს ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებაში. აგრეთვე იგი მუშაობდა ანტიკორუფციული საბჭოს მდივნად – რომელიც პასუხისმგებელი იყო ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კოორდინაციაზე. ოთარი იყო სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელმაც მოამზადა საჯარო სერვისების მიწოდების ახალი კონცეფცია – იუსტიციის სახლები, აგრეთვე კოლეგებთან ერთად წარმატებით მუშაობდა სისხლის სამართლის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დანერგვაზე.

მისი ძირითადი პრაქტიკის სფეროებია: სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სასამართლო დავების წარმოება.

ოთარ კახიძე 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მან ასევე წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული (თავისუფლად)